დედოფლისწყაროს ბიუჯეტი 550 880 ლარით გაიზარდა

1002

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნუგზარ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. წარმომადგენლობითმა ორგანომ კენჭი უყარა და დაამტკიცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილება, რომლის შედეგადაც მთავარი საფინანსო დოკუმენტის გადასახადების ნაწილი 550 880 ლარით გაიზარდა.

“საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფი შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 იანვრის N 63 განკარგულების თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს დაემატა პროექტი -“ქ. დედოფლისწყაროში პუშკინის ქუჩაზე ასფალტის საფარის რეაბილიტაცია და პუშკინის ქუჩის რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობა“ . პროექტის ღირებულება 319 336 ლარს შეადგენს. ასევე, 2019 წლის 18 იანვრის საქართველოს მთავრობის მე-13 განკარგულებით, საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოიყო 180 000, ხოლო მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის- 51 400 ლარი. აღნიშნული თანხები საკრებულოს სხდომაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში აისახა. ცვლილებების შედეგად ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი 550 800 ლარით გაიზარდა”, – განმარტავენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში.