დედაქალაქის მერის მოადგილედ კახა გულედანი დაინიშნა

480

დედაქალაქის მერის მოადგილედ კახა გულედანი დაინიშნა. მისი კანდიდატურა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე წარადგინა. გულედანი ამ დრომდე, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა.

კახა კალაძის თქმით, კახა გულედანი იმ მიმართულებებს უხელმძღვანელებს, რომლებსაც ილია ელოშვილი უძღვებოდა.

“სწორედ ამ საქმეების ბოლომდე მისაყვანად, მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა, რომელიც ამ მიმართულებას ჩაიბარებს, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდეს. კახა გულედანი წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ამჟამად, მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს. ასევე, წლების წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კახა გულედანი იყო სამგორის რაიონის გამგებელიც. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, ის წამოწყებული საქმეები და უდიდესი გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ილიასთან ერთად შევეჭიდეთ, ბოლომდე ღირსეულად იქნება მიყვანილი”. – თქვა დედაქალაქის მერმა.

1 ივნისს, თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.