თელაველი აქტივისტი ისევ არ ნებდება – მან კვლავ “ცხვარი” შემოხაზა და ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის აღდგენა კიდევ ერთხელ მოითხოვა

738

თელაველი აქტივისტი, არჩილ მჭედლიშვილი ისევ არ ნებდება – მან მეორე ტურშეც მერობის კანდიდატები კვლავ გადახაზა, მათ ნაცვლად “ცხვარი” შემოხაზა და ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის აღდგენა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

მჭედლიშვილმა, 2017 წელს თელავისთვის თვითმმართველის სტატუსის წართმევის გამო, პროტესტის ნიშნად არჩევნებზე “ცხვარი” დაარეგისტრირა და მოქალაქეებს მოუწოდებდა, ხმა სწორედ “ცხვრისთვის” მეცათ. მას შემდეგ, უკვე მეოთხე წელია, ის არჩევნებზე, პროტესტის ნიშნად, კვლავ “ცხვარს” აძლევს ხმას და თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენას ჯიუტად ითხოვს.

“თელავი უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი” – მიაწერა მჭედლიშვილმა პროპორციულ, მაჟორიტარულ და მერობის კანდიდატთა საარჩევნო ბიულეტენებს, გადახაზა ყველა საარჩევნო კანდიდატი და საკუთარი კანდიდატი – “ცხვარი” შემოხაზა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ 2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლებამ 7 თვითმმართველ ქალაქს, მათ შორის, თელავს, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი კანონის დარღვევით გაუუქმა და ისინი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებს შეუერთა. 2017 წლის შემდეგ მჭედლიშვილი თელავისთვის სტატუსის აღდგენას ითხოვს.