თელაველმა არჩილ მჭედლიშვილმა, რომელმაც 2017 წელს თელავისთვის თვითმმართველის სტატუსის წართმევის გამო, პროტესტის ნიშნად არჩევნებზე “ცხვარი” დაარეგისტრირა და მოქალაქეებს მოუწოდებდა, ხმა სწორედ “ცხვრისთვის” მეცათ, 4 წლის შემდეგაც, ისევ პროტესტის ნიშნად, კვლავ “ცხვარს” მისცა ხმა.
“თელავი უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი” – მიაწერა მჭედლიშვილმა პროპორციულ, მაჟორიტარულ და მერობის კანდიდატთა საარჩევნო ბიულეტენებს, გადახაზა ყველა საარჩევნო კანდიდატი და საკუთარი კანდიდატი – “ცხვარი” შემოხაზა.
“რა თქმა უნდა, ვიყავი არჩევნებზე და, რა თქმა უნდა, გავაპროტესტე არჩევნები თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში. იმიტომ, რომ თელავი უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი!!!!! ბასტა!!!!!!” – წერს სოციალურ ქსელში არჩილ მჭედლიშვილი, რომელმაც აქვე ფოტოც გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ 2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლებამ 7 თვითმმართველ ქალაქს, მათ შორის, თელავს, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი კანონის დარღვევით გაუუქმა და ისინი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებს შეუერთა. 2017 წლის შემდეგ მჭედლიშვილი თელავისთვის სტატუსის აღდგენას ითხოვს.