თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ბიზნესის მხრიდან „ქართული ოცნების” მხარდაჭერა ლოგიკურია. „წინა ხელისუფლების დროს ეს სექტორი ზეწოლას განიცდიდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნებისთვის” წინასაარჩევნოდ შეწირულ თანხებთან დაკავშირებით, სესიაშვილმა კომენტარი მედიასთან გააკეთა.
„ყოველ 4 წელში საპარლამენტო არჩევნებია, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ბედი და მმართველი პოლიტიკური ძალა. ბიზნესი, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ეს არის ძალიან ლოგიკური და გასაგები, რამდენადაც წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ისინი განიცდიდნენ კატასტროფულ ზეწოლას და რეკეტს. ქართულმა ბიზნესმა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ბოლო პერიოდში ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო პროგრამებს, ამიტომ ცხადია, ეს არ გაუკვირდება საზოგადოებას”, – განაცხადა სესიაშვილმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ სექტემბრის თვეში 6 495 650 ლარი შესწირეს. პარტიის მიმართ ფულადი შემოწირულება 245-მა სუბიექტმა განახორციელა.