სესიაშვილი: აუდიტის დასკვნა მთავრობასთან კომუნიკაციისთვის ღირებული დოკუმენტი, რომელიც კომიტეტებზე აუცილებლად განიხილება

530

წინა სტატია

ყველა ის სტრატეგიული პროექტი, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, არ გაჩერებულა და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მათი წარმატებით განხორციელებას მოჰყვება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო ძლიერი აქტივობა, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

მისივე თქმით, აუდიტის ეს დასკვნა არის ძალიან მნიშნველოვანი მაკონტროლებელი საშუალება და მთავრობასთან კომუნიკაციისთვის ღირებული დოკუმენტი, რომელიც კომიტეტებზე აუცილებლად განიხილება.

„მაგალითად, რიკოთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა, მათ შორის პანდემიის დროს. ასევე ვიცი, რომ რეგიონებში იმ საშუალებით, როგორსაც პანდემია იძლეოდა, პროექტები არ გაჩერებულა. აუდიტის დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი საშუალება, ასევე პარლამენტისთვის ეს არის დოკუმენტი, რომელიც შემდგომში მთავრობასთან კომუნიკაციაში ძალიან ღირებულია. ეს კომიტეტებზეც განხილული იქნება და შემდგომ მეტი ინფორმაცია ექნება ჩვენს საზოგადოებას,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მომზადდა აღნიშნულია, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

აუდიტის მოხსენების თანახმად, საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, გასული წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.