დღეს საპარლამენტო კომიტეტები 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების საკითხს განიხილავენ

602

დღეს საქართველოს პარლამენტის კომიტეტები 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი სათემო მუნიციპალიტეტებთან შერწყმის საკითხს განიხილავენ. საკითხის განხილვა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებშია დაგეგმილი.

საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახაბერ გულედანი წარუდგენს.

საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს 7 მუნიციპალიტეტის გაყოფამ 7 თვითმმართველ ქალაქად და 7 სათემო მუნიციპალიტეტად არ გაამართლა, ვინაიდან გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები. შესაბამისად, უკეთესი მენეჯმენტის ჩამოსაყალიბებლად და ადმინისტრაციული ხარჯების შესამცირებლად 14 მუნიციპალიტეტის, მათ შორის, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებში გაერთიანებაა საჭირო.

მთავრობის ინიციატივას არ იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. მათ საქართველოს ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს და პროცესის შეჩერება სთხოვეს. თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე 29 მარტს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, არ დაუშვას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება. პარალელურად, იმავე მოთხოვნით, ოზურგეთშითელავსა და ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, ხოლო საკონსტიტუციო განხილვებზე მოსახლეობა ხელისუფლებას ქალაქების შენარჩუნებას სთხოვდა.

თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების წინააღმდეგი იყვნენ, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ქალაქ მცხეთისა და ქალაქ თელავის საკრებულოებმა ცენტრალური ხელისუფლების სახელზე სპეციალური განცხადებები მიიღეს და თვითმმართველი ქალაქების შენარჩუნება მოითხოვეს, იგივე პოზიცია დააფიქსირა გასაუქმებელი ქალაქების მერების უმეტესობამ და ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, თოთხმეტივე გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკრებულმ მთავრობის ინიციატივას მხარი მაინც დაუჭირა, თუმცა, საკრებულოების სხდმოებზე საკითხის განხილვამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.

1 ივნისს საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა და საკითხი განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა. პარლამენტი გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს სასესიო კვირაში აპირებს.