ბათუმში სერგი მესხის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 2 500 000 ლარი დაიხარჯება

1233

ბათუმში სერგი მესხის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის სავალი ნაწილის მოასფალტებას, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი საკომუნიკაციო ჭების მოწყობასა და მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, არსებული სანიაღვრე სისტემის გაწმენდა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი ბორდიურების მონტაჟი დაიწყება.

ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 500 000 ლარს შეადგენს.

“სერგი მესხის ქუჩაზე მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. პარალელურად შპს “ბათუმის წყლის” მიერ აბონენტების წყლის ახალ სისტემაზე დაერთება მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ აღდგომის დღესასწაულისათვის გზის გარკვეული მონაკვეთები, განსაკუთრებით კი, სასაფლაოზე მისასვლელის მიმდებარე ტერიტორია უკვე რეაბილიტირებული იქნება”,- განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.