დეპუტატები “ზუგდიდდასუფთავებას“ სოფლებში ნაგვის არგატანის გამო აკრიტიკებენ

817

წინა სტატია

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა ტარიელ გაბულდანმა ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ სოფელ ურთიდან რამდენიმე დღეა, რაც ნაგავი არ გაუტანიათ. მისი თქმით, დასუფთავების სამსახური აცხადებს, რომ ამის მიზეზი მოსახლეობის მხრიდან გადასახადის გადაუხდელობაა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საკრებულოს დეპუტატის სანდრო სორდიას თქმით, მისი აღშფოთება დასუფთავების სამსახურის უფროსის ნუგზარ მალაშხიას გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, სადაც ის ამბობს, რომ დაითხოვეს მძღოლები და მტვირთავები იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობა გადასახადს არ იხდის.

“კონკრეტულად ამ ა(ა)იპ-ის ვალდებულებაა, რომ მომსახურება გასწიოს, შემოსავალზე კი ჩვენ ვიფიქრებთ. ჩვენ ამ ა(ა)იპ-ს 4 200  000 ლარი გამოვუყავით და მე მოვუწოდებ აუდიტის სამსახურს შეისწავლოს, რამდენად სწორად აქვს გახარჯული თანხა ამ ა(ა)იპ-ს“, -განაცხადა სანდრო სორდიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ბათლომე შელიას განცხადებით, თუ დასუფთავებამ ვიღაცის დასჯა ამ მეთოდით გადაწყვიტა, ეს ძალიან არასწორი გადაწყვეტილებაა.

“ძალიან გთხოვთ, რომ ჩაიხედოთ ამ გადაწყვეტილებაში, იმიტომ, რომ ეს არასწორი მიდგომაა“, – მიმართა მერის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი შენგელიას დეპუტატმა.

თავის მხრივ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ცალკეული უბნებში შეიქმნა დასუფთავების პრობლემა, თუმცა კომისიამ უნდა შეისწავლოს ა(ა)იპ-ის საქმიანობა, რომ ოპტიმიზაციის შედეგად სამსახურის მუშობა კი არ შეფერხდეს, არამედ უფრო ეფექტური გახდეს.

“შემსწავლელი კომისიის ფუნქცია სწორედ ის არის, რომ მოხდეს ოპტიმიზაცია, რომ უფრო მეტი სოფელი მოვიცვათ და უფრო მეტ მოსახლეს გავუწიოთ მომსახურება“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.