მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, თეთრ ხიდზე მიტანილი ქვების გამო, ქუთაისის მერია სამუშაოების შემსრულებელ კომპანია “ალმა რუსს” სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. დაჯარიმდება თუ არა კომპანია, ამას სასამართლო გადაწყვეტს.
შესაძლო დაჯარიმების შესახებ უკვე იციან “ალმა რუსში”.
“ცხრა იანვარს არის პირველი მოსმენა სასამართლოში და ვფიქრობ, იმ დღესვე გამოცხადდება გადაწყვეტილება. დაველოდები რას გამოაცხადებს მოსამართლე”, – ამბობს კომპანია “ალმა რუსის” ხელმძღვანელი, ზურაბ ყურუა.
13 ქვა თეთრ ხიდზე სამი კვირის წინ მიიტანეს. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მათ ამით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულეს, თუმცა, ქუთაისის მერიაში ამბობდნენ, რომ “ალმა რუსისთვის” მსგავსი დავალება არ მიუციათ და კომპანიამ ქვები ხიდზე თვითნებურად მიიტანა. მერიის შესაბამისმა სამსახურმა ხიდზე დაწყობილი 13 ქვა რამდენიმე საათში აიღო და მერიის საწყობში გადაიტანა.
თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, 3 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის და რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.
თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მერიის ინფორმაციით, მისი რეაბილიტაციისთვის კომპანია “ალმა რუს საქართველოს” 294 900 ლარი გადაურიცხეს.