ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსის აღდგენისთვის ფონდი შეიქმნა

939

ახალი შუამთის მონასტრის კომპლექსის აღდგენისთვის სპეციალური ფონდი შეიქმნა. ფონდის მიზანი ახალი შუამთის უნიკალური მონასტრისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება და მის ბაზაზე საგანმანათლებლო ცენტრების ჩამოყალიბებაზე მუშაობაა. ინფორმაციას კაახეთის ხმა ავრცელებს.

“ისტორიულად, განათლების ცენტრი და ქართული ეკლესია ყოველთვის ერთმანეთთან ასოცირდებოდა. ყველა ქართული ეკლესია და მონასტერი იყო საგანმანათლებლო ცენტრი და იმ ლიტერატურული ძეგლების უმეტესობა, რომლებითაც ჩვენ ასე ვამაყობთ და რომლებიც ჩვენს მიერ მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს, სწორედ ქართულ ეკლესიებში იწერებოდა. ნიშანდობლივი და სასიხარულოა, რომ ეს ტრადიცია 21-ე საუკუნეში გრძელდება და ჩვენს მომავალ თაობებს ექნებათ საშუალება, განათლება ასეთ ცენტრში მიიღონ. ჩვენი მთავრობისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა. ამ მიმართულებითაც ქართული ეკლესია-მონასტრები ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა და მათ სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა, რათა ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, რომ შევძლებთ, ეს უნიკალური საგანძური მომავალ თაობებს პირვანდელი სახით გადავცეთ“,- აღნიშნა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ახალი შუამთის მონასტრის აღდგენის ფონდის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.