ფოთში 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მერიის საფინანსო სამსახურმა წარადგინა. მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 943 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე 2004 ათასი ლარით მეტია. ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური სფერო მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტებია.
“ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სპორტის, კულტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. როგორც ვიცით ქალაქში მიმდინარეობს კანალიზაციის პროექტის განხორციელება და ამის გამო გზების დიდი ნაწილი დაზიანებულია, ამდენად ჩვენი ძირითადი მიზანია გზების, არხების და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. ასევე მოხდება მრავალბინიანი სახლების სახურავებისა და ეზოების კეთილმოწყობა“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრებლებმა დაზიანებული სახურავების შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა მოითხოვეს. თავის მხრივ, ქალაქის მერი მათ აღნიშნული საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.