გუჯარეთის ხეობის მისასვლელი გზის აღდგენის პროექტი დაიწყო

1166

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გუჯარეთის ხეობის მისასვლელი გზის აღდგენის მასშტაბური პროექტი დაიწყო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით სოფლებამდე დამაკავშირებელი 15 კილომეტრიანი გზის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.
”აღნიშნული გზა წლებია დაზიანებულია, გარკვეულ მონაკვეთები კი პრაქტიკულად გაუვალი. ამ დროისთვის ადგილზე ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა, სამუშაოები 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეექმნება”, – აცხადებენ გამგეობაში.

გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, ხეობას, რომლის სოფლებიც 90-იან წლებში პრაქტიკულად დაიცალა, მოსახლეობა კვლავ უბრუნდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივებს პირველ რიგში მოწესრიგებული გზა ჰქონდეთ, რომ უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება. ეს იქნება სოფლებში დაბრუნების კიდევ ერთი მოტივაცია“, – აღნიშნავს გამგებელი.

მისი თქმით, დღეს გუჯარეთის ხეობა მუდმივად მცხოვრებ 17 ოჯახს ითვლის. მათი რიცხვი ზაფხულობით 28 კომლამდე იზრდება. სოფლებში ძირითადად განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, აქ ადგილობრივები მესაქონელობას მისდევდნენ.

”უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტი ხეობაში მცხოვრებლებისთვის ელექტოენერგიის მისაღებად მზის პანელების დამონტაჟებასაც აპირებს. აღსანიშნავია, ისიც რომ დღეს ხეობის სამი სოფელი წინუბანი, გვერდისუბანი და მაჭარწყალი მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ატარებს, რაც სოფლებში დასახლების მსურველ ადამიანებს ბევრ შეღავათს მისცემს, მოწესრიგებული ინფრასტრტუქტურა კი ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებასა და ხეობისადმი ინტერესის გაზრდას”, – აცხადებენ ბორჯომის გამგეობაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი