საწარმო, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა და არჩევნების წინა დღეს გახსნეს, დაკეტილია. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან გლეხების მიერ მიტანილი ვაშლი ერთი კვირის წინ არ ჩაიბარეს. ქარხნის ხელმძღვანელმა გამოცემას საწარმოს შიგნით გადაღების უფლება არ მისცა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
“გამოგართმევ მაგ კამერას და გადაგამტვრევ ზედ”, – დაემუქრა საწარმოში მომუშავე პირი “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს” მაშინ, როდესაც გამოცემის ცნობით, საწარმოს გზის მხრიდან იღებდნენ.
“ახლა ხარჯების ოპტიმიზაციას ვაკეთებ. აქამდე ვამუშავე დენზე. 2-3 დღის შემდეგ მოდით და მერე გადაგაღებინებთ. მინდა, რომ კარგი კუთხით გამოჩნდეს ქარხანა”, – აცხადებს საწარმოს დირექტორი.
ქარხნის დირექტორის თქმით, საწარმოზე და მის ფუნქციონირებაზე დეტალურად მაშინ ისაუბრეს, როდესაც საწარმოში გაზიფიცირება დასრულდება.