საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება.
“როგორც უკვე გაიგეთ სხვებისგან თელავში ტარდება, მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ. მოვიწვევთ ყველას ვისთნაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ შესძლებს ჩამოსვლას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, მიწვეულთა შორის გიორგი მარგველაშვილიც იქნება.
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დანიშნული.
28 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურით, საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) აიღო, მის კონკურენტს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი ამომრჩეველთა 40.48%-მა (780 633 ხმა) დაუჭირა მხარი.
აღსანიშნავია, რომ თელავში, სადაც, ინაუგურაცია გაიმართება, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო. თელავი და რუსთავი ის ორი საარჩევნო ოლქია, სადაც ზურაბიშვილს ვაშაძემ აჯობა.