სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება

1597

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ, “ქრონიკაზე” დაყრდნობით, “იმედინიუსი” ავრცელებს.

3 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ თბილისში არ გაიმართება და ინაუგურაციის ადგილად სხვადასხვა ქალაქი განიხილება.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დანიშნული.

28 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურით, საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) აიღო, მის კონკურენტს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი ამომრჩეველთა 40.48%-მა (780 633 ხმა) დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ თელავში, სადაც, სავარაუდოდ, ინაუგურაცია გაიმართება, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო. თელავი და რუსთავი ის ორი საარჩევნო ოლქია, სადაც ზურაბიშვილს ვაშაძემ აჯობა.