სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ
ავტორი: ავთო ინასარიძე
ახალციხეში პირველი აღმოსავლური ტიპის აბანოები რაბათში XVII-XVIII საუკუნეებში აშენდა. ქალაქის სამხრეთ ნაწილის განაშენიანების, 1829 წლის შემდეგ კი აბანოები ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზეც ჩნდება.
მე–17–მე–19 საუკუნეებში აღმოსავლური სტილით ნაშენები ქალისა და კაცის აბანოები ყველაზე უკეთ შემორჩენილი რაბათის დასახლებაშია. აბანო ხუთ საბანაო დარბაზს აერთიანებს და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი ამბობს, რომ ამ აბანოს შესახებ მწირი ცნობებია შემორჩენილი და ძეგლი არქეოლოგიურადაც შეუსწავლელია.
2016 წელს ეს აბანოები დაასუფთავეს და ამავე წელს მათი რესტავრაციაც იგეგმებოდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა.
“პროექტის შედგენას წლები დასჭირდა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად რესტავრაციის პროექტი უკვე დავასრულეთ და უახლოეს მომავალში სამუშაოებიც დაიწყება“, – გვითხრა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.
ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის რეზო ანდღულაძის თქმით, ახალციხეში ქალაქის განაშენიანების შემდეგ 12 აბანო ფუნქციონირებდა, თუმცა მათი უმრავლესობა ამ დროისთვის სრულად განადგურდა, ნაწილი კი ნანგრევების სახით შემორჩა.
“ფოცხოვის გამოღმა ორციხეს შუა იყო აბანო, რომელსაც „სოლოღას აბანოს“ უწოდებდნენ, კოსტავას 77–ის უკან კი „დავიდოვების აბანო“ იყო. თაბუკაშვილის, ციხისძირის, იაძის და შალვა ახალციხელის ქუჩებზეც აბანოები იყო, „დომბიტას“ რომ ეძახიან, მაგ შენობის ადგილზე იყო ორი, ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ–ცალკე აბანოები“, – გვიყვება ანდღულაძე.
ერთ–ერთი აღმოსავლური ტიპის გუმბათოვანი აბანო, რომელიც, სავარაუდოდ, მე–19 საუკუნეშია აგებული, თაყაიშვილის ქუჩის ბოლოში მდებარეობს. შენობას ძეგლის სტატუსი არ აქვს. შენობა “საქართველოს მელიორაციის“ საკუთრებაშია: “ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა სავარაუდოდ 2011 წლიდან ჩვენს საკუთრებაშია, არაფერში არ ვიყენებთ, უბრალოდ დახურული გვაქვს და ვუვლით,“ – ამბობს საქართველოს მელიორაციის სამცხე–ჯავახეთის სერვისცენტრის უფროსი გიორგი ჭანკოტაძე.
ინჟინერ–მიწათმშენებელი გივი ბუცხრიკიძე ახალციხეში აბანოების სიმრავლეს ქალაქის წალუხვობით ხსნის: „შუაკარავია მთა და იქიდან ჩამოდიოდა წყალი ქალაქში, ჟილბუხარის წყალს ეძახდნენ, ასევე, მოდიოდა მარდის წყალიც, სავარაუდოდ, აბანოების მოსაწყობად ეს წყლები ხელსაყრელი იყო“.
გიორგი ნათენაძე, რომელიც წლებია სამცხე–ჯავახეთში ღვინის ტურიზმითაა დაკავებული, ფიქრობს, რომ ისტორიული აბანოების აღდგენა, ქალაქის ტურისტული პოტენციალისთვის მნიშვნელოვანია: “ახალციხეს აქვს იმის პოტენციალი, რომ როგორც ძველი თბილისი, აბანოთუბანი და ლესელიძეა თბილისში, ისე მოეწყოს ამ ქალაქის გარკვეული უბნები, თავის ძველი ჩაი–ხანებითა და უნიკალური ისტორიული სიძველით. ეს ქალაქს ტურისტულად უფრო მიმზიდველს გახდის“.
ახალციხის მერიაში შეკითხვაზე, იგეგმება თუ რა ქალაქში ისტორიული აბანოების აღდგენა, გვპასხობენ: “ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას ვიკვლევთ, აბანოებთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, თუმცა მსგავსი შენობები უნდა შევისწავლოთ. დავალება გვაქვს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მსგავსი შენობები აღვრიცხოთ, რის შემდეგაც შესაძლოა მათ ძეგლის სტატუსიც მიენიჭოს“.
წარსულში აბანოების სიმრავლით გამორჩეულ ქალაქში, აბანოს მთელი რიგი რიტუალები, მექისის ინსტიტუტი და სხვა წეს–ჩვეულებები არსებობდა, თუმცა ამჟამად ქალაქის ისტორიის ეს ნაწილი მივიწყებულია.