ქუთაისის საკრებულომ მერიას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნების გარეშე დაუბრუნა

720

წინა სტატია

ქუთაისის საკრებულომ აღმასრულებელს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე დაუბრუნა, თუმცა, მხოლოდ ტექნიკური შენიშვნებით.
როგორც ირკვევა, დეპუტატებმა კომისიებსა და ფრაქციებში 10 დღიანი განხილვის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტში, მხოლოდ თანხის მუხლიდან მუხლში გადატანის საჭიროება დაინახეს. პროგრამებთან, პრიორიტეტებთან და ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით კი უმრავლესობას კითხვები არ აქვს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“შენიშვნები, ძირითადად, იყო ტექნიკური სახის. პარამეტრებს და პრიორიტეტებს არ ეხება. ძალიან დადებითად აქვს ნამუშევარი აღმასრულებელს. ჩვენ ძალიან მოგვწონს”,–ამბობს საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, კახა ბოჭორიშვილი.

აღმასრულებლისთვის გადაგზავნილ შენიშვნებში ვერ მოხვდა ვერც ის საკითხები, რაზეც კითხვები თავად უმრავლესობას ჰქონდა. მაგალითად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ სპორტული ღონისძიებების პროგრამას დაემატა ახლადშექმნილი სარაგბო კლუბი “არესი” , რომელიც 50 000 ლარით უნდა დაფინანსდეს. თუმცა, არც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს და არც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. საბოლოოდ, ეს საკითხი, მერიისთვის გადაგზავნილ შენიშვნებში არ მოხვდა.

“ბიუჯეტი არის ნაჩქარევად შედგენილი. ციფრები არის იგივე, რაც იყო წინა წელს. არის კონკრეტული პროგრამები, რომლებიც რატომ ფინანსდება არ ვიცით და ამაზე აღამსრულებელს არ აქვს პასუხები,”–ამბობს საკრებულოში “ევროპული საქართველოს” დეპუტატი, მერაბ მეშველიანი.

ბიუჯეტის პარამეტრებს აპროტესტებს საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გიგა შუშანია.

მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით გაზრდილია სახელფასო ხარჯები, მერიის მიერ დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები კი მომავალი წლის ბიუჯეტში არ მოხვდა.

აღმასრულებელს ტექნიკური  შენიშვნების გასათვალისწინებლად ორკვირიანი ვადა აქვს, რის შემდეგაც შესწორებული ვარიანტი კვლავ საკრებულომ უნდა განიხილოს. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად მხოლოდ ამის შემდეგ გამოვა.

2019 წლის ქუთაისის ბიუჯეტის წარდგენილი პროექტი 53 მილიონს ლარს შეადგენს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი ქალაქი დამატებით 11 მილიონს ელოდება. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, წლის ბოლომდე ბიუჯეტი 70 მილიონს მიაღწევს.