მარნეულის ბიუჯეტი 2 650 000 ლარით გაიზრდება

267

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 650 000 ლარით გაიზრდება. ბიუჯეტის გაზრდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი თანხით მოხდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ქემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის რეგიონის მერებთან შეხვედრის დროს გახდა.

“დაფინანსების პროგრამა რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც მუნიციპალიტეტებში უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას გულისხმობს. რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, განვიხილეთ თითოეული პროექტის მნიშვნელობა და გამოვყავით მხარისთვის ის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა“, – განაცახადა გიორგი დოხტურიშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფომაციის მიხედვით, რწმუნებულმა მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად განიხილა ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინასნო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში 2 650 000 ლარი შემოსული არაა.

“ჯერ თანხა არ გვაქვს მიღებული ბიუჯეტში, რადგან გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო. რეგიონალური განვითარების ფონდიდან რომ იქნება თანხა გამოყოფილი ჩვენ არ გვაქვს ადგილობრივი სახსრები, ანუ საგადასახადო შემოსავლები უნდა გავზარდოთ. ამ საგადასახადო შემოსავლების გაზრდის გამო დაგვჭირდება ფინანსთა სამინისტროდან წერილი, თუ რამდენით უნდა გავზარდოთ შემოსავლები, ამის შემდგომ მივიღებთ თანხას“.

ვუგარ მამედოვის განმარტებით, ამ ეტაპზე მერიაში არც განკარგულება და არც ფინანსთა მინისტრის წერილი შესული არაა. მამედოვი ამ ეტაპზე თავს იკავებს იმ პროექტებზე საუბრზე, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით განხორციელდება და აცხადებს, რომ ინფორმაცია ცნობილი ოფიციალური დოკუმენტაციის მიღების შემდეგ გახდება.