“გაერთიანებულმა ოპოზიცია” ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით გაზრდილია სახელფასო ხარჯები, მერიის მიერ დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები კი მომავალი წლის ბიუჯეტში არ მოხვდა.
შუშანიას თქმით, ეს ცხადყოფს იმას, რომ ხელისუფლებას ქალაქი არ აინტერესებს. საკრებულოს დეპუტატი მერიას მოუწოდებს, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი უკან გაიწვიოს.
“ბიუჯეტის პროექტი, რომელიც შემოვიდა საკრებულოში, ცხადყოფს, რომ ქუთაისი აღარ არის მათთვის პრიორიტეტული. ბიუჯეტის 50% იხარჯება ხელფასებში, ანუ რეალურად ეს არის მათი აქტივისტებისთვის დახარჯული ფული. გაზრდილია ჭამა-სმისა და საჩუქრების ხარჯები. ეს კი იმას ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი მომავალ წელსაც იქნება გადათხრილი და უპატრონო. მოვუწოდებ მერიას უკან გაიწვიოს ბიუჯეტი და შემოიტანეს ის ვარიანტი, რომელიც ადამიანებზე იქნება მორგებული და არა მათ აქტივისტებზე”, – ამბობს გიგა შუშანია.
შუშანიამ მერიას დაანონებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეახსენა და განაცხადა, რომ გაპონოვის ქუჩისა და 100 საფეხურიანი კიბეეების რეაბილიტაცია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროექტები არ განხორციელდება.
ქუთაისის მერიაში ბრალდებებს უარყოფენ. საფინანსო სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ პირიქით, მომავალი წლის ბიუჯეტი გაზრდილია.
“მე არ ვიცი საიდან მოიტანა ბატონმა გიგამ ეს ციფრები. როგორ და რის საფუძველზე გაკეთდა ეს შედარებები გაუგებარია. ბიუჯეტის წაკითხვა მარტივია, მითუმეტეს საკრებულოს წევრისთვის. წარდგენილი პროექტი შეადგენს 53 მილიონს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი დამატებით 11 მილიონის გადმორიცხავს ველოდებით. წლის ბოლომდე ბიუჯეტი 70 მილიონს მიაღწევს “, – ამბობს დავით ნიშნიანიძე.
ამასთან, ნიშნიანიძე არ უარყოფს, რომ ის დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ოპოზიცია საუბრობს, მომავალი წლის ბიუჯეტში არ მოხვდა.