სახელმწიფო აუდიტის სამსახური – საბიუჯეტო სახსრები გადახდილია ისეთ პროექტებში, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს

699

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებულ რამდენიმე მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სახსრები დახარჯულია ისეთ პროექტებზე, რომლებიც დასრულებული არ არის.

როგორც აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, ხარვეზები იკვეთება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების სისრულეში, მშენებლობის პროცესების კონტროლში და სხვა. შედეგად, საბიუჯეტო სახსრები გადახდილია ისეთ პროექტებში, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს.

”მაგალითად, 2014-2015 წლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შესყიდულია 4 საბავშვო ბაღის მშენებლობის, ელექტროწისქვილის მოწყობის, ტრანსფორმატორის შეძენა-მონტაჟის სამუშაოები – ღირებულებით 212 ათასი ლარი. 2016 წლის ივნისის მდგომარეობით, პროექტი არ იყო დასრულებული და ვერ სარგებლობდა მოსახლეობა. 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 92.0 ათასი ლარის სარიტუალო სახლების, წყლის სისტემებისა და წისქვილების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც 2015 წლის ივლისის თვის მდგომარეობით დასრულებული არ იყო და ვერ სარგებლობდა მოსახლეობა”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. 137-გვერდისგან შემდგარი დოკუმენტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი