საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები უბნების 100%-იდან უკვე ცნობილია

992

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები უბნების 100%-იდან უკვე ცნობილია.

ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) აიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი ამომრჩეველთა 40.48%-მა (780 633 ხმა) დაუჭირა მხარი.

არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. ის პრეზიდენტის პოსტს, 5-ის ნაცვლად, 6 წლით დაიკავებს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, 16 დეკემბერს გაიმართება. ამავე დღეს ძალაში შევა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია.