ზუგდიდის მერიის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელ დავით კვაშილავას განცხადებით, მისი სამსახურისთვის ახალი წლის ბიუჯეტის პროექტით 1 160 000 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 1 117 000 ხელფასებში უნდა დაიხარჯოს. სამსახურს 130 თანამშრომელი ჰყავს. აქედან 72 ადმინისტრაციის თანამშრომელია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
საკრებულოს დეპუტატების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა თანამშრომლების შემცირება, დავით კვაშილავამ განაცხადა:-“შესაძლებელია შემცირებაც და გაზრდაც, თუმცა მე არავინ მომიყვანია სამსახურში“.
უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, სირცხვილია, რომ ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრს ჰოკეის განყოფილება აქვს. მათი განცხადების საპასუხოდ, დავით კვაშილავამ თქვა, რომ ჰოკეის განყოფილება წლებია რაც ზუგდიდში არსებობს.
“ის მიბმულია ყინულის მოედანს და იქ არავინ არ არის დასაქმებული. შესაბამისად, ამ მიმართულებით თანხაც არ დახარჯულა. ეს განყოფილება ჯერ კიდევ ჩემს ამ სამსახურში მოსვლამდე იყო“, – განაცხადა დავით კვაშილავამ.
ამასთან, კვაშილავას განმარტებით, ბიუჯეტში გამარჯვებული სპორტსმენების დასაჯილდოვებლად თანხა გათვალისწინებული არ არის.