სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტის პროექტების განხილვა იწყება

775

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მერიებიდან 2019 წლის ბიუჯეტების პროექტები უკვე გადაეცათ. საკრებულოები პროექტებს 25 ნოემბრამდე განიხილავენ და მერიებს გადაუგზავნიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხში – ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში ბიუჯეტების პროექტების განხილვა 22 ნოემბერს გაიმართება. ახალციხის საკრებულოს კომისიებში კი ბიუჯეტის შესახებ გუშინ 20 ნოემბერს იმსჯელეს. “საჯარო განხილვის შემდეგ შევიტანთ პროექტში შენიშვნებს და გადავუგზავნით მერიას“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ამატებს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი პროექტით 15 900 000 ლარია.

უკვე საკრებულოშია ასპინძის ბიუჯეტის პროექტიც. “პროექტი 4 300 000 ლარს შეადგენს და ჯერ შენიშვნები არ გვაქვს“ – ამბობს ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე.

“18 300 000 ლარია ბორჯომის 2019 წლის ბიუჯეტი. რამდენიმე ააიპ–ს გაზრდილი თანხა აქვს, რის საფუძველზე და რა მიზნით მოხდა ეს, ამაზე საკრებულოში 22 ნოემბერს ვიმსჯელებთ“, – აცხადებს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი.

მერიის შეთავაზებული ბიუჯეტის განსახილველად ემზადებიან ნინოწმინდის საკრებულოშიც, პროექტით ბიუჯეტი 5 600 000 ლარია. “22 ნოემბერს განვიხილავთ და მერიას იმ დღესვე დავუბრუნებთ“, – ამბობს ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი.

როდის განიხილავენ მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ახალქალაქის საკრებულოში ჯერ განსაზღვრული არ აქვთ. აქ ბიუჯეტის შემადგენლობა 9 080 000 ლარია.

რაც შეეხება ადიგენს, მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი საკრებულოს უკვე გადაეგზავნა: “ნამდვილად არ ვიცი ბიუჯეტის პროექტის თანხა”, – ამბობს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე. ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა კი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს” სატელეფონო ზარბს არ უპასუხა.

შენიშვნებით ჩასწორებულ პროექტს მერიები საკრებულოებს 25 დეკემბრამდე გადაუგზავნიან. საკრებულოები კი დოკუმენტს 28 დეკემბრამდე დაამტკიცებენ.