ადიგენის მერთან შეხვედრის გამო სოფელ აბასთუმნის სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩაიშალა

1240

გუშინ სოფელ ვარხანში ადიგენის მერი ადგილობრივებს შეხვდა. ამ შეხვედრას სოფელ აბასთუმნის სკოლის პედაგოგებიც დაესწრნენ, რის გამოც სკოლაში მეექვსე და მეშვიდე გაკვეთილები გაცდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

გუშინ სოფელ აბასთუმნის სკოლა ხუთი გაკვეთილის შემდეგ, დაახლოებით, 13:40 საათზე, პედაგოგებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და მოსწავლეებმა ერთდროულად დატოვეს. ბავშვები სახლში, თანამშრომლები კი მეზობელ სოფელში ადიგენის მერთან ზაქარია ენდელაძესთან შეხვედრაზე წავიდნენ.

მეექვსე გაკვეთილი სკოლაში 13:50 საათზე იწყება, თუმცა ამ დროისთვის “სამხრეთის კარიბჭეს“ სკოლა ცარიელი დახვდა. დაკეტილი იყო სამასწავლებლოც.

“ცხრილის მიხედვით, დღეს სკოლაში როგორც მეექვსე ასევე, მეშვიდე გაკვეთილიც უნდა ჩატარებულიყო. საგაკვეთილო პროცესი კი 15:35 საათზე სრულდებოდა“, – ამბობენ პედაგოგები რომლებსაც ვინაობის გამჟღავნება არ უნდათ.

საპირისპიროს ამტკიცებს სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში: “გაკვეთილები დასრულებული იყო და მასწავლებლები იმიტომ წავიდნენ. არ ვიცი თქვენი ჟურნალისტი სკოლაში რა დროს იყო. პირადად მე ადიგენში ვარ და სკოლის საქმეს ვაკეთებ“.

ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ინგა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ვარხანში მერთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია “სამხრეთის კარიბჭედან“ შეიტყო. შეკითხვაზე, რა რეაგირებას მოახდენს რესურსცენტრი სკოლაში გაცდენილ გაკვეთილებზე, ბოჭორიშვილი ამბობს: “გამოძიებას ხომარ დავიწყებ, დირექტორს ვკითხე და მიპასუხა, რომ გაკვეთილები არ გაცდენილა“.

სოფელ ვარხანში ადიგენის მერმა და “ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაქარია ენდელაძემ ადგილობრივებთან შეხვედრა, დაახლოებით, 14:00 საათზე დაიწყო. ერთი საათით ადრე კი მან ანალოგიური შეხვედრა კურორტ აბასთუმანში გამართა. ენდელაძემ კურორტზე მცხოვრებლებთან წინასაარჩევნო საკითხებზე ისაუბრა. სოფელ აბასთუმანში კი თქვა, რომ “ეს შეხვედრა არჩევნებს არ ეხება“ და დღეს მან ადგილობრივები ანგარიშის ჩასაბარებლად შეკრიბა. მერი აქ მცხოვრებლებს წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრა.

სოფელ აბასთუმნის სკოლის მასწავლებლებმა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ ვარხნის ცენტრში მაღაზიაში ჩამვიდნენ და სკოლიდან შეხვედრაზე დასასწრებად არ წასულან.