სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35%-იანი დანამატი შესაძლოა, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულმა ყველა პირმა მიიღოს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მოქმედი კანონით, სოციალური შეღავათები მაღალმთიანი რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებზე ვრცელდება და ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს არ მოიცავს.
პარლამენტს განსახილველად საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა, რომლის მიხედვითაც, სოციალური შეღავათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პირზე გავრცელდება. ამასთანავე, იგივე შეღავათი გავრცელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე.
კანონპროექტის თანახმად, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს დაემატება შემდეგი კატეგორია: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.
“კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რის შედეგადაც საჭირო გახდება წელიწადში, დაახლოებით, 5 მილიონი ლარის გამოყოფა, ბენეფიციარებზე სოციალური შეღავათების გასაცემად. აქედან, დაახლოებით, 4,4 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 600 ათასი ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან.
4,4 მილიონი ლარი, რომელიც უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დააკმაყოფილებს მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირებს. აქედან 1 300-მდე პირი დირექციის წარმომადგენელია, რომელთა საშუალო თვიური ხელფასი 400 ლარია, ხოლო 3 500-მდე პირი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელია, რომელთა საშუალო ხელფასი 150 ლარია.
ხოლო, 600 ათასი ლარით, რომელიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს, დაფინანსდება ადრეულ და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული დაახლოებით 800 ადამიანის, რომელთა საშუალო ხელფასი 200 ლარია, სახელფასო დანამატი“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორები გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მირიან წიკლაური, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბუსერიძე და ზაზა პაპუაშვილი არიან.