აჭარის უმაღლესი საბჭო: აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტით სიახლეები იგეგმება

521

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა.

როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი სხდომაზე ამჯერადაც რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

საკომიტეტო განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე გამახვილდა.

მინისტრისა და მისი მოადგილის არჩილ ვანაძის განცხადებით, 2019 წლისთვის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტში 1 100 000 ლარით იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბლიტაცია-მშენებლობისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფის პროგრამები, იზრდება სტუდენტთა დაფინანსებისა და უცხოეთში სწავლის ხელშეწყობის, ახალგაზრდული და სხვა პროგრამების დაფინანსება. სიახლეებია კულტურისა და სპორტის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებში.

მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს და მოისმინა მათი წინადადებები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

ამასთან, კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა.