ახალციხის მუნიციპალიტეტში 25 საბავშვო ბაღიდან 20–ში შეშის ღუმელით თბებიან. ხუთ საბავშვო ბაღში, რომელთაგან ოთხი ქალაქ ახალციხეში, ერთი კი ვალეში მდებარეობს, ბუნებრივი აირია შეყვანილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტში არსებული 20 საბავშვო ბაღისათვის, ზამთრის სეზონზე გასათბობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 800 ლარი დაიხარჯა. ამ თანხით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 480 კუბური მეტრი საშეშე მერქანი შეისყიდა.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ხუთი ბაღია,( ახალციხის N5; N1,N3,N6 და ვალის საბავშვო ბაღი) სადაც ბავშვები ბუნებრივი აირით თბებიან. დაწესებულებებში შეშის ღუმელები გაზის გამათბობელმა მაშინ ჩაანაცვლა, როცა ამ ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
“ქალაქში როგორც კი დაიწყება ბაღების რეაბილიტაცია გაკეთდება გათბობის სისტემა. ანუ რეაბილიტაციის შემდეგომ კეთდება ეს. მომდევნო წლისათვის ჯერ კიდევ ვგეგმავთ სულ რამდენი ბაღი რეაბილიტირდება. სოფლებშიც ვაპირებთ იგივეს, გაზიფიცირებასთან ერთად იქაც გავაკეთებთ გათბობის სისტემებს”, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 25 საბავშვო ბაღიდან 17 სოფლებშია, ხოლო 8 ქალაქში.