მთავრობამ დაბა ბაკურიანის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

1296

დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცეს. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს, მთის კურორტისათვის საჭირო რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ, დადგენილება 2018 წლის 31 ოქტომბერს, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედა.

დოკუმენტის მიხედვით, სარეკრეაციო ტერიტორიის ზონაში რვა მიწის ნაკვეთი მოხვდა, მათ შორისაა დაბა ბაკურიანისა და დიდველის მიმდებარე ტერიტორიები.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმის მიხედვით, დაბაში განაშენიანებული ტერიტორია შემცირდება, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კი თანამედროვე მთის კურორტისთვის საჭირო რეკრეაციული ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას.

თავის მხრივ, დადგენილებით, გარკვეულ ვალდებულებებს იღებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიც. კერძოდ, მერია ვალდებულია დაადგინოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და მშენებლობის ნებართვის გაცემისას, ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით იხელმძღვანელოს.

“მუნიციპალიტეტისთვის ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ბაკურიანის, როგორც საერთაშორისო დონის კურორტის ჩამოყალიბებას”, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.