თიანეთის მუნიციპალიტეტში კოოპერატივ “ყვარის მთის“ რძის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, კოოპერაციული საწარმო “რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენდება და წლის ბოლოდან ამოქმედდება. მატივე ცნობით, რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას უზრუნველყოფს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საწარმო რძის მიმღებ-გადამმუშავებელი დანადგარებით და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით აღიჭურვება. ასევე, კოოპერატივს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან თანადაფინანსებას საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება წარმოადგენს, რომელშიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული დანადგარები განთავსდება.
“სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი “ყვარის მთა“ თიანეთის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან საქმიანობს და 19 ადგილობრივს აერთიანებს. სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღოს გაზრდილი შემოსავალი. ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი :ყვარის მთა“ ჩართულია “მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში.
კოოპერატივს 25 წლიანი იჯარის უფლებით 302 ჰა სათიბ-საძოვარი და საქონლის საკვებწარმოებისათვის საჭირო ტექნიკა 90%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა”, – აცხადებენ მერიაში.
ამასთან, ცნობილია, რომ დმანისის, წალკის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება.
ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში წლის ბოლოს კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდება, სადაც სამომავლოდ დამბალ ხაჭოს წარმოებაც იგეგმება.