საქართველოში პირველად დამბალი ხაჭოს ქარხნული წარმოება დაიწყება. საწარმო, რომელიც აღნიშნულ პროდუქციას დაამზადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუაფხოში შენდება და მისი წარმადობა 1,5 ტონა იქნება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
“სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში” აცხადებენ, რომ საწარმოს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება და მომავალი წლიდან ექსლუატაციაში შევა.
პროექტი “მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ – საძოვრების რაციონალურად გამოყენების” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც კოოპერატივებს რძის პროდუქტების წარმოების სრული ციკლის შექმნაში ეხმარება. აღნიშნული პროგრამა 2017 წლიდან ამოქმედდა. ამავე პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მომავალ წელს კიდევ სამი რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, კერძოდ წალკის, დმანისის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. როგორც სააგენტოში აცხადებენ, თითოეული ქარხნის წარმადობა 10 ტონა იქნება, ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და მათი მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.
აღნიშნული საწარმოების აღჭურვის მიზნით, რძის გადამამუშავებელი დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენაზე ტენდერი გამოცხადდა, რომელიც 1,7 მილიონი ლარის ღირებულებისაა. აღნიშნული თანხით შეძენილი იქნება ოთხი რძის გადამამუშავებელი კომპლექტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 1 000 ლიტრი ტევადობის რძის გამაციებელ რეზერვუარებს, რძის ფილტრებს, ყველის სახარშ აბაზანებს, შრატის ავზებს, ყველის ფორმებს როგორც ქართული, ასევე უცხოური ყველის წარმოებისთვის, სულგუნის მოსაზელ დანადგარს, თაროებს ყველის დაყოვნებისთვის, კარაქის გადამამუშავებელ დანადგარს და სხვა. ტენდერი ასევე ითვალისწინებს აღჭურვილობის საწარმოებში მონტაჟს.
ამასთან, “მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ – საძოვრების რაციონალურად გამოყენების” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ კოოპერატივებს, სათიბ-საძოვრები 25 წლიანი იჯარით გადაეცათ.