სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორე კორპუსთან მდებარე ამორტიზებული სპორტდარბაზის შეკეთებას ახალციხის მერიას სთხოვს. ამისთვის სასწავლებელი მუნიციპალიტეტს შენობას უზურფრუქტის წესით გადასცემს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან არსებული შენობის რეაბილიტაციისთვის სასწავლებელსა და ახალციხის მერიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
აღნიშნულ შენობაში ორი ათეული წლის წინ სპორტული დარბაზი ფუნქციონირებდა და ის მაშინ ახალციხეში მოქმედ ტექნიკურ სასწავლებელს ეკუთვნოდა. 2007 წელს ეს შენობა მთავრობის დადგენილებით სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა.
უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სასწავლებლის ბიუჯეტი აღნიშნული შენობის რეაბილიტაციას ვერ გაწვდება. ამიტომ ფინანსური დახმარება ახალციხის მერიას სთხოვეს.
“მერიას არ აქვს უფლება, რომ უნივერსიტეტის კუთვნილ შენობაში ჩადოს თანხა, ამიტომ თანახმა ვართ, რომ ეს შენობა გარკვეული დროით უზურფრუქტით გადავცეთ. ხელშეკრულებით ქონება დარჩება უნივერსიტეტს, მაგრამ განკარგვის ვალდებულებას იკისრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ისე, რომ არ ექნება უფლება, შენობას პროფილი შეუცვალოს“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.
რა დაჯდება შენობის რეაბილიტაცია და საბოლოოდ გაფორმდება თუ არა ხელშეკრულება, ამაზე ჯერ ახალციხის მერიაში არ საუბრობენ. უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რიგი საკითხები დასაზუსტებელია.
თუმცა, იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია, ექსპერტიზა უკვე დანიშნულია.