გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახები ბუნებრივი აირის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.
“მთავრობის განკარგულებით გადაწყდა, რომ წელს გამოზამთრებაში დავეხმარებით გამყოფ ხაზებთან მდებარე ყველა სოფლის მაცხოვრებელს. თითოეული ოჯახი გაზის საფასურის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. გათბობის ვაუჩერს აგრეთვე მიიღებს ის რამდენიმე ოჯახიც, სადაც გაზიფიცირება ჯერ არ განხორციელებულა”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრის თქმით, 62-ზე მეტ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია და 14 ათასამდე აბონენტს სახლში ბუნებრივი აირი აქვს.
“ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. უკვე რამდენიმე წელია ისინი გაზის საფასურის ვაუჩერს იღებენ და გამონაკლისი არც ეს ზამთარი იქნება, რადგან მათ სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდებათ”, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გორის, ზუგდიდის, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე 5 სოფელში საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, დაახლოებით, 3.2 მილიონი ლარი გამოიყოფა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით კი, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 1 200 სტუდენტს 2018-2019 სასწავლო წელს სწავლა დაუფინანსდება.