რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გორის, ზუგდიდის, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე 5 სოფელში საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, დაახლოებით, 3.2 მილიონი ლარი გამოიყოფა.
მათივე ცნობით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ, 62 სოფელში 14 ათასამდე აბონენტი გაზიფიცირდა; ასევე, გორის, ქარელის, კასპის, საჩხერის, ონისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების 12 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო დახმარება; რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დაახლოებით, 40 კმ გზას და 2 მილიონი ლარზე მეტი დაიხარჯა ნაპირდამცავი სამუშაოებისთვის;
სამინისტროს ცნობით, გამყოფი ხაზის მიმდებარედ ელეტროენერგიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 400-ზე მეტი აბონენტი მიიღებს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 1 200 სტუდენტს 2018-2019 სასწავლო წელს სწავლა დაუფინანსდება.