მაკრახიძე: საჯარო სექტორის თანამშრომლებს რატომ უნდა სჭირდებოდეთ შეხსენება, ვის უნდა მისცენ ხმა

1239

წინა სტატია

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულებისას გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

იოსებ მაკრახიძის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელსაც ძირითადად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების პარტიული წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა.

პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი არჩევნების მეორე ტურის სამოქმედო გეგმას და მიღებული შედეგების მიზეზებს დაეთმო. მისი შეფასებით, შიდა ქართლის რეგიონში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წაგება ადმინისტრაციის არასათანადოდ მუშაობამ განაპირობა. მაკრახიძე მხარდაჭერასთან დაკავშირებით შპს “იბოლიასთან პარალელებს ავლებს და თვლის, რომ პიროვნება, მისი ოჯახის წევრებთან ერთად, იმ გუნდის პოზიციებს უნდა იზიარებდეს, ვისგანაც ხელფასს იღებს.

ჩემ კომპანიაში სადაც ვმუშაობდი 600 კაცი მუშაობს, აქედან თითოს ოჯახში, მინიმუმ,  2 ამომრჩეველი ხომ მაინცაა. დაახლოებით, 2 ათასამდე კაცმა შეიძლება, რომ მე მხარი არ დამიჭიროს? მე იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერენ და თუ ასე არ იქნება, ეს მათი პრობლემაა. ასეა საჯარო სამსახურებშიც, ადმინისტრაციამ ცუდად იმუშავა. იქ სკოლის დირექტორია, საბავშვო ბაღის გამგეა, იქ სპორტული ა(ა)იპ – ებია, სხვადასხვა მუნიციპალური ორგანიზაციებია, რატომ უნდა სჭირდებოდეთ მათ შეხსენება, ვის უნდა მისცენ ხმა. შეგნება უნდა ჰქონდეთ და აანალიზებდნენ, ვის სამსახურში მუშაობენ და ვინ იმსახურებს მათ მხარდაჭერას”, – აცხადებს იოსებ მაკრახიძე.

ამის საპასუხოდ რადიო “მოზაიკამ” დეპუტატს მის მიერ “ნაციონალური მოძრაობისთვის 2011-2012 წლებში აგდარიცხული 125 000 ლარი შეახსენა, რაზეც პარლამენტარმა მაკრახიძემ აღნიშნა, რომ მაშინ ასე ესმოდა.

“მაშინ ასე იყო საჭირო, ახლა მე ამ გუნდში ვარ და როგორ შეიძლება სხვა პოზიცია მქონდეს. ახლა წარმოიდგინეთ, აი კაცი ვარ, მამა ვარ, ოჯახთან ნაცხოვრები და ჩემმა შვილმა ამ ოჯახის აზრი არ გაითვალისწინოს და წავიდეს და სხვა მამას დაუჭიროს მხარი? ეს ხომ წარმოუდგენელია”, – აცხადებს იოსებ მაკრახიძე.

შეგახსენებთ, რომ მაკრახიძემ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. მანამდე კი ამბობდა რომ კანდიდატისთვის თანხის შეწირვას არ აპირებდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს მისი მხარდაჭერა სტუმრიანობასა და ზოგადად, კამპანიის წარმოებაში დაეხმარებოდა.

როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმათა საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, რის გამოც მეორე ტური გაიმართება. უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.

მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.