გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის თანხის შეწირვას ისევ აპირებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“თუ იქნება მეორე ტური, ისევ დავეხმარები სალომე ზურაბიშვილს. იმდენს არა, რაც უკვე გადავრიცხე არჩევნებამდე, თუმცა რაღაც ნაწილს გავიღებ, თუ საჭირო გახდება”, – ამბობს პარლამენტის წევრი, იოსებ მაკრახიძე.
“ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. მანამდე კი ამბობდა რომ კანდიდატისთვის თანხის შეწირვას არ აპირებდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს მისი მხარდაჭერა სტუმრიანობასა და ზოგადად, კამპანიის წარმოებაში დაეხმარებოდა.
როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმათა საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, რის გამოც მეორე ტური გაიმართება. უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.
მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.