რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განცხადა, რომ მცხეთაში მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოცხადებულ მორატორიუმზე გარკვეული შეზღუდვები, შესაძლოა, მოიხსნას.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს არ აისახება მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსზე.
“მცხეთის მორატორიუმს რაც შეეხება, კულტურის სამინისტროსთან და იუნესკოსთან ერთად აქტიური კონსულტაცია გვაქვს. უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლა. ჩვენ ვგეგმავთ მათთან ერთად განვიხილოთ ის ცვლილებები, რაც გვინდა მორატორიუმში განვახორციელოთ, რომელიც, პირველ რიგში, მიმართული იქნება იმისკენ, რომ მორატორიუმის გარკვეული ელემენტები, შეზღუდვები იყოს მოხსნილი.
რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი შეზღუდვები, რომელიც არ აისახება მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსზე. ეს არის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, მცირე კატეგორიის, ან პირველი კატეგორიის შენობა-ნაგებობებზე. წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ ამ ინიციატივის წარმოდგენას, მას შემდეგ, რაც იუნესკოს მისია ჩამოვა და გვექნება მათთან კონსულტაციები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნულ მორატორიუმზე ამბობს, რომ ქალაქ მცხეთის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზული პრობლემაა. მისი თქმით, ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.