მცხეთაში მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმის პირობები შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებისას განაცხადა. მისი თქმით, მორატორიუმის პირობები უნდა შეიცვალოს ისე, რომ, ვიდრე გენგეგმის შემუშავება დასრულდება, მცხეთაში ცხოვრება მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული იყოს.
ცქიტიშვილის ინფორმაციით, გენგეგმის შექმნაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია.
“ნებისმიერი გენგეგმის შემუშავება მოხდება მოსახლეობისა და ექსპერტების აქტიური ჩართულობით. ვეცდებით, რომ უცხოელი ექსპერტებიც ჩავრთოთ ამ პროცესში. განსაკუთრებით, როდესაც მცხეთაზე და ამ მემკვიდრეობის დაცვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩართულები იქნებიან იუნესკოს ექსპერტებიც, როგორც საკონკურსო ეტაპზე, ისე უშუალოდ გენგეგმის განხილვისა და მიღება-ჩაბარების დროს. რაც შეეხება მორატორიუმს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მორატორიუმი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ მცხეთა ქაოსური განაშენიანებისგან დაგვეცვა. იუნესკოში ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორი დელეგაცია იყო. შესაბამისად, ამის შედეგად იგეგმება მორატორიუმის პირობების შეცვლა. მორატორიუმის პირობები უნდა შეიცვალოს ისე, რომ, ვიდრე გენგეგმის შემუშავება დასრულდება, მცხეთაში ცხოვრება მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული იყოს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.