დიმიტრი ხუნდაძე: მორატორიუმის გამო მცხეთის მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს აღწევს

817

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ქალაქ მცხეთაში გამოცხადებული მორატორიუმის ნეგატიურ მხარეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქალაქ მცხეთის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს ფაქტი სერიოზულ პრობლემად იქცა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, სხვა შემთხვევაში დღეს უკვე მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს აღწევს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„ქალაქი მცხეთა იუნესკოს მიერ დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული და შესაბამისი წესები მოქმედებს. ბუნებრივია, ჩვენთვის ღირებული და უპირველესია რელიგიური სიწმინდეები, საქართველოს უძველესი დედაქალაქის ისტორია, მაგრამ ამ ქალაქში მოსახლეობა ცხოვრობს და მათ არ უნდა მოვუსპოთ განვითარების უფლება. მორატორიუმი, რომელიც ქალაქ მცხეთაში უკვე სამი წელია მოქმედებს, სავარაუდოდ 2 წლით კიდევ გაგრძელდება. აქამდეც შესაძლებელი იყო მცხეთის გენ-გეგმის შემუშავება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს დღემდე ვერ ხერხდება. საბოლოოდ, ამის გამო ზარალდება ყველა და ყველაფერი. თითოეულ მცხეთელს უყვარს თავისი ქალაქი, მაგრამ ამასთანავე ყველას სურს გააგრძელოს არსებობა და ღირსეული ცხოვრება.

მცხეთაში გამოცხადებულმა მორატორიუმმა შეაჩერა ყველა მშენებლობა, მათ შორის, ნებადართული მშენებლობებიც. ზოგჯერ შეუძლებელია ელემენტარული კომუნიკაციების მოწყობაც კი. შეჩერდა ტურიზმის განვითარებაც, რადგან მოსახლეობა ვეღარ ახერხებს სასტუმრო სახლების და კვების ობიექტების გაკეთებას. ეჭქვეშ დგას საკუთრების უფლება, რაც კონსტიტუციით დაცულია. ამ პირობებში შეუძლებელია გარევაჭრობის რეგულირება. წლების მანძილზე ქალაქში გამოცხადებულმა მორატორიუმმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას, რის გამოც დღითიდღე იზრდება ხალხის უკმაყოფილება. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა სწორედ ის, რომ მცხეთამ იუნესკოს ჩამონათვალში საკუთარი ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ამასთანავე, აუცილებელია ხალხს მივცეთ პერსპექტიული ცხოვრების საშუალება.

მცხეთას სჭირდება ქალაქის გენერალური განვითარებისა და მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც დაადგენს წესებს, მაგრამ მის შემუშავებას არ უნდა სჭირდებოდეს წლები.

საჭიროა დავიცვათ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა და ამავე დროს დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესებიც“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.