ყოფილი 7 თვითმმართველი ქალაქიდან, რომელსაც სტატუსი ხელისუფლებამ შარშან გაუუქმა, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ სამში – ამბროლაურში, ახალციხესა და ოზურგეთში შეძლო გამარჯვება.
ამბროლაურში ზურაბიშვილმა ხმების ნახევარზე მეტი – 50.12% მოიპოვა, ხოლო ვაშაძემ – 27.79%.
ახალციხეში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 45.59% მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 28.32%.
ოზურგეთში მმართველი პარტიის ფავორიტმა ხმათა 44.21% დააგროვა, ხოლო ნაცმოძრაობის კანდიდატმა – 31.98%.
რაც შეეხება დანარჩენ 4 ყოფილ თვითმმართველ ქალაქს, აქ ლიდერობა გრიგოლ ვაშაძემ მოიპოვა.
თელავში ვაშაძემ ხმების ნახევარზე მეტი – 50.12% მიიღო, ხოლო ზურაბიშვილმა – 32.79%;
ზუგდიდში ნაცმოძრაობის კანდიდატმა ხმათა 49.42% დააგროვა, “ქართული ოცნების” ფავორიტმა კი – 33.88%.
გორში გრიგოლ ვაშაძეს ხმათა 42.5% ერგო წილად, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – 34.61%.
მცხეთაში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ხმების 41.34% მიიღო, ხოლო მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა – 36.34%.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან არჩევნები ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც, წააგო.
ცესკომ საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.
მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.