“ნაციონალური მოძრობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ გადაცემა “თავისუფალ ტრიბუნაში” განაცხადა, რომ ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თანამდებობიდან წასვლის საკითხი განიხლება.
“როგორი მერი გვყავს ყველა კარგად უყურებს. გიორგი ჭიღვარიას მერად მოღვაწეობის ათი თვის თავზე მისი წასვლა-არწასვლის საკითხი განიხილება კიდევაც და ყველა შეთანხმებულია, რომ ქუთაისს წარუმატებელი თვითმმართველობა ჰყავს. ადამიანები მართავენ ქალაქს, რომლებიც ვერც კომპტენციით გამოირჩევიან და ვერც პრობლემების მოგვარებით. ერთადერთი, რითაც მერი მთელი ისტორიის განმავლობაში შევა და დაამახსოვრდებათ, პორტრეტია. ის პირველი ჩინოვნიკი იქნება, ფარსმან მეორის შემდეგ, რომელმაც საკუთარი ნახატი გამოფინა ევროპაში”, – განაცხადა გადაცემაში გიგა შუშანიამ.
შუშანია ამბობს, რომ ქალაქის მერის მუშაობით უკმაყოფილოა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძეც.
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გამოცემა “ქუთაისი პოსტთან” საუბარში აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
“ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი ყველა მიმართულებით. ქუთაისი არის ერთ–ერთი მოწინავე თანხების ათვისებითაც და ინფრასტრუქტურითაც. ამიტომ, ყველა საქმეს მივიყვანთ ბოლომდე, რაც შევპირდით მოსახლეობას. ვიღაცა ჭორებს ქმნის, მეცინება მაგაზე და არც ვუპასუხებ”, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.