NGO: ხულოს მერის გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობაა

878

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ხულოს მერისა და მოადგილის გადადგომასთან დაკავშირებით მესამე სექტორში შეფასებები გააკეთეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ პროცესს გაუმჭვირვალეს უწოდებენ. მალხაზ ჭკადუა არჩეული მერის უპასუხისმგებლობასა და ამომრჩველების წინაშე ვალდებულებაზე საუბრობს.

იგივეს ფიქრობენ “დემოკრატიის ინსტიტუტშიც“. არჩილ ხახუტაიშვილის განცხადებით, კითხვის ნიშნები არსებობს და მიიჩნევს, რომ მსგავს შემთხვევებში თანამდებობის პირებმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება, მოსახლეობას დროულად და ამომწურავად უნდა მიაწოდონ.

შეგახსენებთ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ დღეს თანამდებობები დატოვეს.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე კიდევ ორმა მერმა დატოვა – 27 სექტემბერს ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, მანამდე, 12 სექტემბერს კი ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ. მასთან ერთად პოსტიდან წავიდა გოგიას პირველი მოადგილეც. როგორც გაირკვა, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება ჭიათურის მერს, მისი გადადგომა ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტს უკავშირდება.

ხულოს მერის ვადამდელი არჩევნების თარიღს ცესკო დაადგენს, თუმცა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. ამ ჩანაწერის შესაბამისად, ხულოში, ისევე, როგორც ზუგდიდსა და ჭიათურაში, მერის რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს.