ზუგდიდი – ჯვარი – მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. სოფელ ბეჩოში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემედგ შეწყვიტეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბეჩოს მოსახლეობამ შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა.
აქციის გამო, პარალიზებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
ადგილობრივებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და პრობლემის მოგვარებას მინიმალურ დროში დაპირდა.
საავტომობილი გზების დეპარტამენტი მოსახლეობის მიერ დღეს გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
“აბსოლუტურად გაუგებარია დღევანდელი აქციის მოთხოვნები, მაშინ როცა ერთი კვირაა კონტრაქტორი აქტიურად მუშაობს, ტექნიკა მობილიზებულია და ხვალ უკვე იწყება ასფალტის დაგება. წინა კვირას შევთანხმდით კონტრაქტორთნ, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ ნოემბრის ბოლომდე მორჩება ამ პროექტს. კომპანიას დაეკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქცია 28 000 ლარის ოდენობით, რაც კონტრაქტის შესაბამისად იყო გათვალისწინებული. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რადგან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, კლიმატური პირობების გათვალისწინებითა და სატენდერო პროცედურების დაცვით, შეუძლებელი იქნებოდა გაზაფხულამდე სამუშაოების განახლება.
როდესაც ტექნიკა ადგილზეა და იწყება ასფალტის დაგება, ამ ფონზე გზის გადაკეტვა ნამდვილად არ არის ის ფორმა, რომელიც ობიექტის უფრო ადრე დასრულებას შეუწყობს ხელს. მოვუწოდებ ყველას, ხელი არ შეუშალონ სამუშაოებს და ნოემბრის ბოლოს ბეჩო-ტურბაზისმოსახლეობას რეალურად ექნება დასრულებული, ასფალტირებული გზა“,- განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.