რუსთავის მერმა იაღლუჯის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ხარისიხი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია

978

რუსთავში ყაზბეგის, იაღლუჯის, ვაჟა ფშაველას, გორის ქუჩებსა და ყაზბეგის ქუჩის ჩიხებში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, გუშინ ბეტონის დასხმის სამუშაოები იაღლუჯის ქუჩაზე დაიწყო. მუშაოების პროცესს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ადგილზე გაეცნენ. ირაკლი ტაბაღუამ მიმდინარე სამუშაოს შესრულების ხარისხი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია, შენიშვნები ჰქონდა ქვემო ქართლის გუბერნატორსაც.

“კომპანიას გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს იმ პროექტის სირთულე, რომლის შესრულებაზეც ტენდერში შემოდის. თვითმმართველობა მაქსიმალურად ითვალისწინებს იმ სირთულეებს, რომელიც მათ ობიექტურად ექმნებათ, რადგან ეს მართლაც რთული უბანია, იცველება მთელი შიდა კომუნიკაცია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე მეტი შეტყობინება სხვადასხვა სახის დაზიანებებზე, სწორედ ამ უბნიდან შემოდის მერიის ცხელ ხაზზე. ეს იმის მანიშნებელია, რომ არ მუშაობენ კარგად. გარდა იმისა, რომ დისკომფორტი ექმნება მოსახლეობას, აქ საუბარია იმაზეც, რომ ამ კომპანიების დაუდევრობის გამო, პრობლემა იქმნება 2019 წლისთვისაც, რადგან თუ 2018 წლის თანხის სრულად ათვისება არ მოხდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება 2019 წელს, რუსთავის ინფრასტრუქტურისთვის უფრო მეტი თანხის მოთხოვნის საკითხი”, – განაცხადა რუსთავის მერმა.

რუსთავის მერიამ იაღლუჯის, ვაჟა-ფშაველასა და გორის ქუჩების რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, აპრილში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია იაღლუჯის, გორის, ვაჟა ფშაველას ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩის I, II გასასვლელს, I და II ჩიხებს, ვაჟა ფშაველას ჩიხს, გორისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელ გზას უტარდება. ამასთან, ასფალტის საფარი იცვლება 20 438 კვ.მ ფართობზე, ხოლო, სანიაღვრე ქსელი საერთო სიგრძით 1 821 მეტრზე ეწყობა.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “სამშენებლო კომპანია მაგისტრალი“ ახორციელებს.

პროექტისთვის 1 მლნ 407 ათასი ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.