დღეს ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე, ამავე სკოლის სპორტსმენების მშობლები და ფეხბურთის ქომაგები შეიკრიბნენ. მათ სკოლაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გააპროტესტეს. ისინი მოედანზე ხელოვნური საფარის დაგებასა და ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“მოგვბეზრდა, აუტანელია უკვე ამ პირობებში ბავშვების ვარჯიში. 10 და 15 წლის წინ ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, მაგ დროის მერე არაფერი გაკეთებულა, პერსპექტივა არ ჩანს, ერთ ადგილს ვტკეპნით. ჩვენც ისეთი მშობლები ვართ, რომლებსაც ბავშვები აქედან გაყვანილი გვყავს. სულით და გულით გვინდა ჩვენი შვილების აქ დაბრუნება, მაგრამ ამ პირობებში შეუძლებელია უბრალოდ ფეხბურთელი კი არა, საერთოდ სპორტსმენი გაიზარდოს.
გარდა იმისა, რომ მოედანი არ არის მოწესრიგებული, არ არის საშხაპე, ბავშვები აუზებსა და ნაწვიმარ წყალში ბანობენ, არ არის ელემენტარული სკამები, რომ ადმიანი დაჯდეს და თამაშს უყუროს. წვიმის დროს კი არათუ თამაში, არამედ საერთოდ შეუძლებელია აქ შემოსვლა. როდემდე უნდა იყოს ასე?“, -განუცხადა ჟურნალისტებს მშობელმა დავით ლოლუამ.
მშობლებმა დახმარების ფონდის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს, რათა შემოსული თანხით სტადიონზე ხელოვნური საფარის დაგება შეძლონ. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფოთის საფეხბურთო სკოლაში არსებული პრობლემები ცნობილია. მათი ინფორმაციით, საკითხის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარეობს.
“ეს საფეხბურთო სკოლა ფინანსდება 85 ათასი ლარით. მესმის, რომ ეს თანხა ამ ეტაპზე საკმარისი არ არის, მაგრამ ქალაქის ბიუჯეტი ძალიან მცირეა. სპორტის სხვა სახეობებს თუ გადავხედავთ ფეხბურთის სკოლის დაფინანსება დაახლოებით 2-ჯერ მეტია, რადგან ფეხბურთი არის ერთ-ერთი მოთხოვნადი სპორტი ქალაქში, აქ 200-ზე მეტი ბავშვი დადის, სწორედ აქედან გამომდინარე გაკეთდა გათვლა.
ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, მოხდეს სპორტის სხვადასხვა სახეობების პრიორიტეტების დადგენა, მოხდეს ოპტიმიზაცია და გამოთავისუფლებული თანხით მოგვარდეს არსებული პრობლემა. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები, რომ ამ სისტემაში ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები“, – აღნიშნა სასპორტო საგანმანათლებლო გაერთიანების დირექტორმა ბექა გუგუშვილმა.
სტადიონზე შკრებილები ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.