იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობის წარმოამდგენლებს ქუთაისში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ

458

იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობის წარმოამდგენლებს ქუთაისში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. დაპირების მიხედვით, აკადემიის  მოწყობა უკვე დასრულებული უნდა იყოს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცლეებს.

“როდის დასრულდება ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა ქუთაისში?” – ეს გახლდათ მთავარი შეკითხვა, რომელსაც იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უსვამს.

აკადემია, რომელიც სპორტულ კომპლექსს გულისხმობდა და რომლის მშენებლობაც 2022 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით, ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ნახევრადაშენებულ ობიექტს მოიცავს.

2021 წლის 21 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა იმერეთის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად,  ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაანონსეს საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

პროექტი ითვალისწინებდა ოთხი ტიპის მოედნის მოწყობას, საცხოვრებლის მშენებლობას, მაგრამ ამჟამად მუშაობა ფაქტობრივად შეჩერებულია.

“მშენებლობის ადგილზე რამოდენიმეჯერ ვიყავით და საერთოდ ვერავინ ვნახეთ არავინ მუშობდა ადგილზე. დაგებულია  მხოლოდ ერთი ხელოვნურ საფარიანი მოედანი და ადმინისტრაციული შენობა დამთავრების ეტაპზეა. დღეს შეკითხვა მაქვს ფეხბურთის ფედერაციასთან. რა სახის პრობლემები შეექმნა აღნიშნულ ობიექტს? როდის დასრულდება აკადემიის მშენებლობა? “,  – ამბობს თემურ ცამციშვილი.

როგორც დაანონსებული იყო, აღნიშნულ პროექტში მარტო ფედერაციის მხრიდან 5 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებას გულისხმობდა. ამის გარდა პროექტს “ფიფას” და “უეფას”ორი საერთაშორისო მნიშვნელობის პროგრამა აფინანსებდა.

ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლებმა პრობლემის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალაც წარმოადგინეს.

ფეხბურთის ფედერაციაში  განმარტავენ, რომ ინფორმაცია არასწორია. მათი თქმით, ყველაფერი, რაც პროექტის მიხედვით იყო გათვალისწინებული შესრულდება. ის ძირითადი სამუშაოები, რომელიც უნდა გაკეთებულიყო შესრულებულია. მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.

“არასწორი ინფორმაციაა, რომ იქ არაფერი კეთდება და მშენებლობა შეჩერებულია. მუდმივად  მიმდინარეობს მშენებლობა. ახლა დასრულებისკენ მიდის მშენებლობა. წინასწარი ვადები 2022 წელს იყო მითითებული (უნდა გადავამოწმო სამშენებლოსთან).  შეიძლება მოესწროს კიდეც 2022 წელს, რადგან ჯერ არ დასრულებულა ეს წელი… სამშენებლო ვადებში ისეა გაწერილი ყველაფერი, რომ ემთხვევა იმ გეგმას რაც შესასრულებელია”, –  ამბობს  “ქუთაისიპოსტთან” საუბარში ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი თამუნა კაპანაძე.

ფეხბურთის აკადემიის ასაშენებლად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფეხბურთის ფედერაციას 62 500 კვ.მ ტერიტორია გადასცა.