მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა და გარეგანათების გარეშე დარჩენილი დასახლება ბათუმში (ვიდეო)

1225

მოუწესრიგებელი  საავტომობილო გზა და გარეგანათების გარეშე დარჩენილი დასახლება ბათუმში.  ფანასკეტელ-ციციშვილის პირველ შესახვევში მცხოვრებლების პრობლემების ჩამონათვალი მხოლოდ ეს არ არის.  ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

“ხელით შეხება აკრძალულია“ – ეს გამაფრთხილებელი წარწერა ფანასკეტელ-ციციშვიილის პირველ შესახვევში, იქ სადაც 30 მდე ოჯახი ცხოვრობს ელექტრო ძაბვის გადამცემ ანძაზეა მიმაგრებული.  ტერიტორია შემოღობილი არ არის, რაც ადგილობრივების თქმით, საშიშროებას წარმოადგენს.

ელექტრო ძაბვის გადამცემი ანძების გარდა მოსახლეობა ტერიტორიაზე გზის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობს. ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ მხოლოდ დაპირებებს ისმენენ, საკითხი კი დღემდე გადაუჭრელი რჩება.

ფანასკეტელ-ციციშვილის ქუჩაზე გარეგანათებაც არ არის. ადგილობრივები ღამის საათებში არსებულ დისკომფორტზე საუბრობენ.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. სატელეფონო საუბრისას კი განმარტეს, რომ კონსტრუქცია მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

დასახლებაში არსებული პრობლემებით ბათუმის მერია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც “მაცნეს“ გადამღებმა ჯგუფმა სიუჟეტის მომზადება დაიწყო. თვითმართველობაში ირწმუნებიან, რომ საკითხს შეისწავლიან და შესაბამისო ზომებიც გატარდება.