ახალციხის უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის ნაწილი რეაბილიტაციას საჭიროებს (ფოტო)

857

ახალციხეში უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მისასვლელი, როგორც სამანქანო, ასევე საფეხმავლო გზა დაზიანებულია. სტუდენტებს სასწავლებლამდე ამ ზამთარსაც ტალახიანი მონაკვეთის გავლა მოუწევთ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ავარიულია 9 აპრილისა და რუსთაველის კვეთიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე საავტომობილო გზის დაახლოებით 800–მეტრიანი მონაკვეთი.

„გზაზე ორმოები ავარიულ სიტუაციებს ქმნის, ამიტომ გადაადგილება რთულია. ამ გზის გამო ხშირად მიფუჭდება მანქანა, მერე მისი შეკეთება კი თანხებთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

ამასთან, დაახლოებით, 600 მეტრზე, გზის მარჯვენა მხარეს, დაზიანებულია ტროტუარიც.

ახალციხეში, წელს რუსთაველის ქუჩის ნაწილს, 9 აპრილისა და საფარის მონასტრის გზის დასაწყისს შორის 337–მეტრიან მონაკვეთს, მოაასფალტებენ. თუმცა, გზის რეაბილიტაცია სწორედ იქ წყდება, საიდანაც უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მისასვლელი გზის 800–მეტრიანი ავარიული მონაკვეთი იწყება. შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხვდა გზის ეს ნაწილი სარეაბილიტაციო პროექტებში, ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ “საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ორმულ შეკეთებას ექვემდებარება“.

ახალციხის მერია წელს არც ტროტუარის მოწყობას გეგმავს: “მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტების მომზადება, მომავალი წლისთვის გავითვალისწინებთ ბიუჯეტში მის გაკეთებასაც“.