ქუთაისში მრავალსართულიანი ბინების სარდაფებში არსებულ მდგომარეობას “ევროპული საქართველოს” წევრი მერაბ მეშველიანი აპროტესტებს. მისი განცხადებით, კორპუსების სარდაფებში წლებია, წყალი დგას და საფრთხეს უქმნის შენობებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
“წლებია ბინების სადარბაზოებში წყალი დგას, 80-იანი წლებიდან იწყება ეს პრობლემა და მდგრადობის პრობლემას ქმნის. ასევე სარდაფები სავსეა ნარჩენებით, არიან მღრღნელები და მწერები. ჩვენ მოვითხოვთ, მომავალი წლის ბიუჯეტში შევიდეს ეს პროექტი და მომართვიანობის შემთხვევაში, მოხდეს წყლის ამოტუმბვა. დაახლოებით 100 000 ლარია, რისი მოძიებაც მერიას, ნების შემთხვევაში, არ გაუჭირდება და მოხდება წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემის მოგვარება”, -აცხადებს მერაბ მეშველიანი.
მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით, მერიამ განაცხადა, რომ დაზიანებული მილების პრობლემას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოაგვარებს, რაც მეშველიანის თქმით, დროში გაჭინურებაა და რეალურად პრობლემა არ მოგვარდება. მეშველიანი მერიას თხოვს, პროექტი გათვალისწინებული იყოს 2019 წლის ბიუჯეტში.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას განცხადებით, მრავალსართულიან ბინებში არსებული პრობლემები შესწავლას საჭიროებს.
“თუ გამოვლინდა, რომ სარდაფებში წყალი დაზიანებული მილების გამო დგება, მაშინ ეს არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრეროგატივა. უნდა მოხდეს მილების შეცვლა, ასევე პრობლემას ქმნის ავზების ავსების დროს უყურადღებობა, ხშირად ავზებიდან ჩაედინება წყალი სარდაფებში, ამიტომ ამხანაგობები უნდა ჩაერთონ ამ საქმეში. წყლის ამოტუმბვა არ წარმოადგენს პრობლემას. არსებობს სპეციალური დანადგარები, თუ ამხანაგობა მოითხოვს და მიმართავს ქალაქს, მოხდება ადგილზე მისვლა. რაც შეეხება მდგრადობას, ეს არის მერაბ მეშველიანის შეფასება, იმისთვის, რომ შემოწმდეს, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა”, -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.