ADB რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთი რთული მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს

1004

წინა სტატია

“აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა მოაწერეს ხელი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება 255 297 000 ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევსა და უბისას შორის 12-კილომეტრიანი, ორმხრივი 4-ზოლიანი გზის მშენებლობას.

“ზემოაღნიშნული 12-კილომეტრიანი მონაკვეთი, წარმოადგენს რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთს.

რთული გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 35 ხიდისა (ჯამური სიგრძით 8.3 კმ) და 20 გვირაბის (ჯამური სიგრძით 9.4 კმ) მშენებლობა.

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას, მგზავრობისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის შემცირებას, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას. ამასთან, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის განვითარებაზე.

პროექტის განმახორციელებელია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

პროექტი, სავარაუდოდ, 2024 წლის ივნისში დასრულდება“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.